პროკურატურის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 28 აგვისტოს, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა ბრალდებულმა ნარჩენების განადგურების მიზნით, საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოში ცეცხლი დაანთო და მიუხედავად იმისა, რომ თანასოფლელებმა ხანძრის გაჩენის გამო მოსალოდნელ მძიმე შედეგებზე გააფრთხილეს და ცეცხლის ჩაქრობა სთხოვეს, ცეცხლი არ ჩააქრო და დასახმარებლად მისული მეზობლები სახლიდან გაყარა.
„ცეცხლი ფართო ტერიტორიაზე გავრცელდა, რის შედეგადაც დაიწვა სოფელ ელბაქიანთკარში მდებარე 300 000 ლარის ღირებულების ექვსი სახლი, დამხმარე სათავსოები და ხეხილის ბაღები“, – აცხადებს პროკურატურა.
დაკავებულს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილებით აქვს წარდგენილი, რაც გულისხმობს ცეცხლის წაკიდებით სხვისი ნივთის განადგურებას. დანაშაული ექვსიდან ათ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ხანძარი ელბაქიანთკარში – შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ვიდეო